ხერხემლის თიაქარი და მისი გამომწვევი მიზეზები

რადიო „ფორტუნას’’  ეთერში გადაცემა „პულსში“  კლინიკა   „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, თერაპევტი ზურაბ მიქელაძე სტუმრობდა, რომელმაც ხერხემლის თიაქარსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, რა შემთხვევაში ვითარდება ხერხემლის თიაქარი?

– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა ხერხემლის თიაქარი, რადგან ერთის მხრივ, შემთხვევებმა იმატა, მეორეს მხრივ, დაავადება „გაახალგაზრდავდა“ და უკვე ბავშვებშიც გავრცელდა. ხერხემალი – მალებისა და მალთაშორისი დისკებისგან შედგება, რომლებიც მალების ერთგვარ ამორტიზაციას წარმოადგენენ და სწორედ მათი დაზიანების შემთხვევაში წარმოიქმნება პროტრუზია ანუ მცირე ტრავმა, რომელიც უყურადღებობისა და გამწვავების შემთხვევაში იქცევა თიაქრად. ბავშვებში პროტრუზიას მეტწილად ე.წ. მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი წონა და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა იწვევს. უფროსები წელის ტკივილის შემთხვევაში სპორტულ დარბაზებს აკითხავენ, სადაც მედიცინაში ნაკლებად გარკვეული ფიტნეს-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ და თუ მანამდე მხოლოდ პროტრუზიას უჩიოდნენ გაუაზრებელი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სერიოზულად ამძიმებენ მდგომარეობას, რადგან პროტრუზიის ან ხერხემლის ტკივილის დროს საერთოდ არ შეიძლება ვარჯიში. ხერხემლის პრობლემებს იწვევს ძვლებისა და სახსრებისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და სასარგებლო მინერალებს მოკლებული კვების რაციონიც და ის ჰორმონალური დაავადებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის გამართულ მუშაობას აფერხებენ.

– რამდენად აუცილებელია ხერხემლის პრობლემების შემთხვევაში კვალიფიციური ექიმის დანიშნულება და რამდენად საზიანოა დილეტანტის რჩევები?

– რა თქმა უნდა, როცა პაციენტი ტკივილს უჩივის, საჭიროა დიაგნოზის დასმა, რადგან მის გარეშე მკურნალობაც უშედეგოა. მეტიც, თავისუფლად შეიძლება არასწორმა მკურნალობამ უკუშედეგი გამოიღოს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. მედიცინაში არსებული ოქროს სტანდარტის მიხედვით, ხერხემლის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, რომელიც კიდურებს გადაეცემა, აუცილებელია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება. ხერხემლის მწვავე პრობლემების, ანუ მალთაშორისი დისკის დაზიანების დიაგნოზირებისას კატეგორიულად იკრძალება მასაჟი და მანუალური თერაპია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დახმარებით ტკივილის სინდრომის მართვა და ფიზიკურ დატვირთვას მორიდება. 3-კვირიანი მკურნალობის და დაავადების ქვემწვავე სტადიაში გადასვლის შემდეგ შესაძლებელია ფიზიოთერაპიის გამოყენება, რომელიც 3-9 თვე გრძელდება და თიაქრის, პროტრუზიის შეხორცებას ისახავს მიზნად, მასაჟი, მანუალური თერაპია და ფიზიკური დატვირთვა კი, რომლის დანიშნულება ხერხემლის კუნთოვანი კორსეტის შექმნა და მკურნალობით მიღწეული შედეგის გამყარებაა, მხოლოდ ტკივილის სინდრომის სრულად კუპირების შემდეგ დაიშვება და  ისიც მხოლოდ ექიმ-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით. ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა მედიკამენტური თერაპია, თუმცა გახშირდა ჰორმონალური პრეპარატების და B ჯგუფის ვიტამინების ზედოზირებული მიღებაც, რაც კატეგორიულად იკრძალება, რადგან ხელს უშლის შეხორცებისა და აღდგენის პროცესს.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ თვითნებური და არაპროფესიონალური მკურნალობით დამძიმებული პაციენტები?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ცივილურ სამყაროში ნებისმიერ დაავადებას პროფილური სამედიცინო დაწესებულება, სპეციალისტი მართავს და არა დილეტანტი, რომელსაც არაფერი აკავშირებს მედიცინასთან. თვითმკურნალობა მეტწილად სოციალურ ქსელში არაპროფესიონალების კარგად გაპიარებული საქმიანობის შედეგია, რომლებიც მოსახლეობას ყოველთვის მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებიან და იმ დილეტანტურ რჩევებს აძლევენ, რომელთა შესრულება მარტივი, თუმცა ძალიან საზიანოა.  ვფიქრობ, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეგულაციების შემოღება და მსგავსი დილეტანტიზმის აღკვეთა. ზოგადად, ხერხემლის მკურნალობა ძალიან მოცულობითი და მრავალმხრივი სფეროა, რადგან სწორედ ხერხემალია ორგანიზმის ღერძი და საფუძველი. მსგავსი სირთულის პრობლემის მოგვარება მედიცინის პასუხისმგებლობაა და არა დილეტანტების, რომელთაც არც ანატომია იციან, არც ფიზიოლოგია, თუმცა ზედმეტად ბევრს იღებენ საკუთარ თავზე.

– რას გულისხმობს რეზორფციის მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება თქვენს კლინიკაში?

– რეზორფცია შეხორცებას ნიშნავს, რეზორფციის მეთოდი კი, ულტრათანამედროვე ფიზიო აპარატურის გამოყენებით ხერხემლის თიაქრის მკურნალობას გულისხმობს. ჩვენს კლინიკაში მსგავსი მეთოდი დიდი ხნის წინ დაინერგა და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ხერხემლის თიაქარი აღარაა განაჩენი, რომელსაც აუცილებლად ოპერაცია სჭირდება, რადგან სწორედ ამგვარი მეთოდი უზრუნველყოფს მის სწრაფ და სწორად შეხორცებას.

– როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი ხერხემლის პროტრუზიისა და თიაქრისგან?

– ყველას ინდივიდუალური ფიზიკური მონაცემები და შესაძლებლობები აქვს, ამიტომ არაა საჭირო ბავშვების ადრეული ასაკიდანვე სპორტულ სექციებში ან თუნდაც ცეკვის წრეზე მიყვანა და ისე დატვირთვა, რასაც მისი ორგანიზმი ვერ გაუძლებს. რა თქმა უნდა, საჭიროა ვარჯიში, თუმცა არა ზღვარგადასული და ზიანის მომტანი, ამასთანავე, დაუშვებელია ხერხემლის ტკივილის დროს მედიკამენტების უკონტროლო მიღება და ცურვა, რადგან ცურვის დროს ძლიერდება ხერხემლის დაზიანება, საუკეთესო გამოსავალი სიარულია, რადგან სწორედ სიარულის დროს მუშაობს გამართულად სისხლის მიმოქცევის სისტემა, ყველა კუნთი და სახსარი.