დიაბეტი და მის თავისებურებები - ენდოკრინოლოგი ნათია ქათამაძე

10 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ენდოკრინოლოგი, კლინიკა „ენმედიცის“ წარმომადგენელი, ქალბატონი ნათია ქათამაძე სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სწორედ დიაბეტსა და მის თავისებურებებზე ისაუბრა.

 

– ქალბატონო ნათია, რას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი და რატომაა ის ასე საშიში?

– რა თქმა უნდა, საზოგადოება კარგად იცნობს დაავადებას, მაგრამ ზოგიერთი ნიუანსის გამეორება მაინც საჭიროა. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ დიაბეტი განურჩევლად ტიპისა,  სისხლში შაქრის დონის მატებით ხასიათდება და ქრონიკულ დაავადებად ითვლება.  შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ხშირად პანიკას იწვევს პაციენტში, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და რბილად ვცდილობთ ვაცნობოთ მას დაავადების შესახებ. მეტწილად, ადამიანების ორი ფსიქოტიპი არსებობს – ნაწილი ყურადღებას არ აქცევს, თითქოს უარყოფს დიაგნოზს, ნაწილს კი, პირიქით, საოცარი შიში იპყრობს, უამრავი კითხვა უჩნდება და საკუთარ თავში იკეტება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მართალია, შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ წარმატებით მართვის, რეკომენდაციების ზუსტად შესრულების შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება მასთან ერთად ცხოვრება. მეტიც, დიაბეტიანი პაციენტები, რომელთაც მოწესრიგებული აქვთ დღის რეჟიმი, ბევრად ხარისხიანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები.

შაქრიანი დიაბეტი, ტიპი ერთი – მეტწილად ბავშვებში, ახალგაზრდებში ვითარდება და ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით ხასიათდება ანუ ადამიანი სრულადაა დამოკიდებული გარედან მიღებულ ინსულინზე. მართალია, ინსულინის ინიექცია გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდება, მაგრამ დაავადების გათავისების შემთხვევაში მისი ნაკლებად მტკივნეულად აღქმაც შეიძლება. სამწუხაროდ, თინეიჯერებს დაავადების მიუღებლობა ახასიათებთ, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. აღსანიშნავია, რომ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი ერთი პაციენტების მხოლოდ 5%-ს აღენიშნება, დანარჩენი კი, ტიპი ორით ავადდება, რომელიც გენეტიკურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში თუ ახლო ნათესავებს – მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს დიაგნოზირებული აქვთ ტიპი ორი ანუ შეძენილი დიაბეტი, მაშინ მათი შთამომავლობაც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მაღალია დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა, თუმცა, როცა ადამიანმა იცის საკუთარი გენეტიკური განწყობის შესახებ, თადარიგის დაჭერაც დროულად შეუძლია. მეტიც, აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი კვებისა და ნორმალური წონის შენარჩუნების შემთხვევაში, 100%-ით შეიძლება  შაქრიანი დიაბეტი, ტიპი ორის განვითარების რისკის შემცირება.

შაქრიანი დიაბეტის დროს მთავარი – დიეტის სწორად შერჩევა და მისი დაცვაა. რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, თუმცა ყველა პაციენტს ინდივიდუალურად, ყველა ნიუანსის მაქსიმალური გათვალისწინებით სჭირდება დიეტის შერჩევა. დიეტის არაეფექტურობის შემთხვევაში აუცილებელია ანტიდიაბეტური მედიკამენტების გამოყენება. საბედნიეროდ, დღეს მსგავსი მედიკამენტების ძალიან დიდი არჩევანია და თავისუფლად შეიძლება ოპტიმალური პრეპარატის შერჩევა. იმ შემთხვევაში კი, თუ არც მედიკამენტებით მკურნალობა გამოიღებს შედეგს, მაშინ ინსულინოთერაპია ინიშნება.

 

– რამდენად აუცილებელია ინფორმაციის სრულად ფლობა შაქრიანი დიაბეტის წარმატებით მართვისთვის?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია უამრავ ღონისძიებას აწყობს ყოველ წელს ინფორმაციის გავრცელების მიზნით, რადგან მხოლოდ დაავადების კარგად ცოდნის შემთხვევაში შეიძლება მისი გართულებების თავიდან არიდება. აღსანიშნავია, რომ დიაბეტი სწორედ გართულებების გამო ითვლება საშიშ დაავადებად, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება და მეტწილად, თვალებს, თირკმელებს და ქვედა კიდურებს აზიანებს. პაციენტმა სისტემატურად უნდა ჩაიტაროს კვლევა, რადგან კარგად ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ორგანიზმის სიჯანსაღეს.

ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია მოქმედებს სპეციალური საგანმანათლებლო პროექტი – „დიაბეტის სკოლა“, რომელიც წლების წინ შეიქმნა სტაციონარულ პაციენტებისთვის, წელს კი, ყველა დიაბეტიან პაციენტსა და მის ნათესავს გვინდა შევთავაზოთ ჩვენს პროექტში მონაწილეობა. ჯერჯერობით „სკოლა“ მხოლოდ შაბათ დღეს, ორი საათით იმუშავებს და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის პაციენტს შაქრიან დიაბეტსა და სხვადასხვა ტიპის დიეტაზე, ე.წ. დიაბეტური ტერფისა და დიაბეტური ნეფროპათიის გართულებებზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწავლება არა მასიური, არამედ რამდენიმე, მაქსიმუმ 10 ადამიანზეა გათვლილი, რათა ინდივიდუალურად გავესაუბროთ ყველას და ამომწურავი, კვალიფიციური პასუხები გავცეთ მათ კითხვებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მართალია, დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ უამრავი კვლევა ხორციელდება ოპტიმალური მკურნალობის მოძიებისა და მის საბოლოოდ დამარცხებისთვის.