#OK! „ენმედიცი“ – ჩაიტარეთ დროული სკრინინგი!

ონკოლოგიური დაავადებები დღემდე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება. აღნიშნული დაავადებების წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურება, რაც მოიცავს პროფესიონალ ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ჩატარებას ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში. მულტიპროფილური კლინიკა „ენმედიცი“ სწორედ ასეთ, უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს. 53-წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და უდიდესი ინტელექტუალური რესურსის პარალელურად, კლინიკაში მუდმივად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად „ენმედიცის“ სკრინინგ პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნინო სიჭინავა გვესაუბრა. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური სკრინინგი კიბოს განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და, რაც მთავარია, ამართლებს სიტყვებს, რომ კიბო განაჩენი არ არის!

 

რამდენად ხშირია ონკოლოგიური დაავადებები ქალებში?

როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებები დღემდე დიდ გამოწვევად რჩება. მას სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია. აქედან 70% დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მიზეზი კი დაგვიანებული ან არასწორი დიაგნოსტიკაა.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ყოველწლიურად ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ 1200 ქალს, ეს უკანასკნელი სხვა სიმსივნეთა შორის პირველ ადგილს იკავებს ქალებში. მეორე ადგილზე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეა, შემდეგ კოლორექტული, ხოლო საშვილოსნოს ტანისა და ყელის კიბოს მე-4 და მე- 5-ე ადგილი უკავია.

საქართველოში კიბოს (ყველა სახის) ახალი შემთხვევა ქალებში არის 56-57%, კაცებში კი 40-43%

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რა სახის სკრინინგს სთავაზობთ?

კლინიკა „ენმედიცის“ ვაკის ფილიალში 2018 წლიდან ხორციელდება სკრინინგ პროგრამები, რომლის მიზანიც არის სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზე და დაავადების პრევენცია.

ამ ეტაპზე კლინიკა „ენმედიცში“ გვაქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ფარისებრი ჯირკვლისა და პროსტატის ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სრულფასოვან გამოკვლევას და მოიცავს როგორც ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, ასევე სპეციალისტების კონსულტაციებს.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს პირველ ეტაპზე უტარდება ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც გვეხმარება გამოვავლინოთ ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძოვანი წარმონაქმნი და შევაფასოთ ე.წ. საეჭვო კრიტერიუმები. კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტს უტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რომელიც აფასებს მის ულტრასონოგრაფიულ სურათს, პაციენტის ანამნეზსა და ჩივილებს. თუ ექოსკოპიური სურათის საფუძველზე კვანძი ექიმის მიერ სიმსივნურ წარმონაქმნზე საეჭვოდ შეფასდა, ტარდება თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით და ამის შემდეგ კეთდება საეჭვო კვანძის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, ბიოფტატის ციტოლოგიური კვლევით, რაც ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია კვანძის ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი გენეზის იდენტიფიცირებისთვის. თუ ულტრასონოგრაფიული კვლევისას პაციენტს არ დაუფიქსირდა კვანძის არსებობა, რეკომენდებულია განმეორებით სკრინინგ კონტროლი 5 წელში, ხოლო კვანძის არსებობის შემთხვევაში მონიტორინგი 3, 6 ან 12 თვეში.

პროსტატის ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა გულისხმობს 50-70 წლის მამაკაცების გამოკვლევას (რისკ ჯგუფების) და ვენიდან აღებულ სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრას, რომელიც უმნიშვნელოვანესი მარკერია დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცებში პროსტატის ჯირკვლის კიბო სხვა სიმსივნეთა შორის ყველაზე გავრცელებულია, რეკომენდებულია, პროფილაქტიკური კვლევა წელიწადში ერთხელ ჩატარდეს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პირველ ეტაპზე კეთდება ტესტი პაპილომა ვისუსზე. პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ვირუსს წარმოადგენს. მისი 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, თუმცა ყველა მათგანი არ იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას, ამიტომ ზუსტ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. PAP ტესტის ჩატარების შემდეგ პაციენტი გადის კონსულტაციას გინეკოლოგთან. თუ გამოვლინდა პაპილომა ვირუსი, პაციენტს უტარდება კოლპოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კი ბიოფსია და მასალის ციტომორფოლოგიური შესწავლა. თუ პაპილომა ვისუსი არ გამოვლინდა, სკრინინგ კონტროლი იგეგმება 3 წელში.

 

გვესაუბრეთ სიმპტომებზე. როგორ მივხვდეთ, რომ საფრთხის წინაშე ვართ?

პაციენტთა უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის კვანძს შემთხვევით, პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს აღმოაჩენს ხოლმე. თუ ჰორმონალური სტატუსი ნორმის ფარგლებშია, პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს, თუ არის დიდი ზომის კვანძები, ზოგიერთი პაციენტი უჩივის: კისრის ფორმის შეცვლას; ვიზუალურად ან ხელით თვითგასინჯვისას კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობას, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდებას; ხმის ტემბრის შეცვლას, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას. პატარა კვანძების დროს ეს ჩივილები შესამჩნევი არ არის, მაგრამ პატარა კვანძებსაც გააჩნიათ ავთვისებიანობის რისკი, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია ფარისებრი ჯირკვლის პროფილაქტიკური გამოკვლევები.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს, ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნეა ქალებში. იგი თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

მამაკაცებში პროსტატის პრობლემები ხშირად ვლინდება სიმპტომებით: ტკივილი შარდვის დროს, წყვეტილი შარდვა, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ხშირი ან გართულებული შარდვა, წვის შეგრძნება, ეაკულაციის შემდეგ დისკომფორტი და თავის ტკივილი, ეაკულატის შემცირება ან არარსებობა, ლიბიდოს დაქვეითება.

 

რა ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს?

ზუსტი მიზეზები არ არის დადგენილი, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორებია: რადიაციული გამოსხივება, დასხივება თავ-კისრის მიდამოში, ეკოლოგიური ფაქტორი, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ა.შ. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში უმთავრესი მიზეზია პაპილომა ვირუსი.

 

რას ეტყოდით ქალებს? რატომ არის აუცილებელი დროული სკრინინგი და რამდენად დროულად მოგმართავენ პაციენტები?

არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ვურჩევ, ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები. როგორც მოგახსენეთ, სკრინინგული კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ სიმსივნური პათოლოგია, ასევე დავადგინოთ კიბოსწინარე და ფონური დაავადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო დროულად ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გამოსავალი 100 დან 95 %-ში კეთილსაიმედოა.

 

რატომ ურჩევდით პაციენტებს მკურნალობას კლინიკა „ენმედიცში“?

დამეთანხმებით, ალბათ, რომ სამედიცინო სექტორში დიდი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსია საჭირო იმისთვის, რომ განვითარდე და იყო მოთხოვნადი. მოგეხსენებათ, რომ კლინიკა „ენმედიცი“ ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მულტიპროფილურ კლინიკას წარმოადგენს, სადაც არის სტაციონარული და ამბულატორიული სერვისი და, რაც მთავარია, ISO სერტიფიკატის (ISO-ს სტანდარტები მთელ მსოფლიოშია მიღებული და ხარისხის სინონიმად მიიჩნევა) მფლობელი საუკეთესო ლაბორატორია. გარდა ამისა, კლინიკას აქვს 53-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ამ წლების განმავლობაში უდიდესი ინტელექტუალური რესურსი დაგვიგროვდა. უმნიშვნელოვანესია მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, ახალი ტექნოლოგიებისა და სიახლეების (მკურნალობაში თანამედროვე მიდგომების) დანერგვისკენ.

კლინიკა „ენმედიცში“ კიბოს სკრინინგ პროგრამები წლებია ხორციელდება და ამ წლების მანძილზე არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შევძელით.

 

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

ექიმობა არის ურთულესი პროფესია, რომელიც მუდმივ განვითარებას, პროფესიონალიზმსა და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. თითოეული მადლიერი პაციენტი მაძლევს ძალასა და მოტივაციას, რომ უფრო დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვემსახურო ჩემს პაციენტებსა და პროფესიას.