რა სიმპტომებით ხასიათდება კვანძოვანი ჩიყვს?

22 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემაზე – კვანძოვან ჩიყვზე ისაუბრა.

 

ქალბატონო ნინო, მართალია, ერთი შეხედვით კვანძოვანი ჩიყვი ბანალური, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან პრობლემური და სახიფათოა. პირველ რიგში საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს კვანძოვანი ჩიყვი?

კვანძი – ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურისგან განსხვავებული ქსოვილია, კვანძოვანი ჩიყვი კი – ფარისებრი ჯირკვალია ერთი ან რამდენიმე კვანძით. ძალიან ბევრი დაავადება არსებობს, რომელთაც სწორედ ფარისებრ ჯირკვალში წარმოქმნილი ერთი ან რამდენიმე კვანძი აერთიანებთ. სამწუხაროდ, კვანძოვანი ჩიყვი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რადგან მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს აღენიშნება. მართალია, კვანძები მეტწილად  კეთილთვისებიანია, მაგრამ მაინც საყურადღებოა. ხაზგასასმელია დაავადების გენდერული თავისებურებაც, რადგან ქალბატონებში უფრო აქტიურად ვრცელდება, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა მამაკაცებში უფრო მაღალია ავთვისებიანი წარმონაქმნის ალბათობა.

 

რამდენად მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მდებარეობა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით და რამდენად მიეკუთნება საქართველო რისკჯგუფს?

სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო მეტად გავრცელებული დაავადებაა, მიზეზი კი, ერთის მხრივ, რადიაციული გამოსხივება, მეორეს მხრივ, დაბინძურებული გარემოა. სახიფათოა ისეთი კვლევების ხშირი ჩატარებაც, როგორიც რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფიაა, როცა აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის დამცავის გამოყენება, თუმცა სავალდებულო წესი ხშირად ირღვევა.

 

რა სიმპტომებით ხასიათდება კვანძოვანი ჩიყვი და რამდენად მიზანშეწონილია სკრინინგული კვლევების ჩატარება?

კვანძის არსებობას (და არა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებას) პაციენტი მხოლოდ მაშინ უჩივის, როცა წარმონაქმნი იზრდება, ხელს უშლის სუნთქვასა და ყლაპვაში, თუმცა ვიზუალურად ყოველთვის არაა შესამჩნევი. საკმაოდ ხშირია დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობაც, როცა წარმონაქმნები მცირე და საშუალო ზომისაა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კი, ნორმაშია. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სკრინინგული პროგრამა ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებით, რომელიც მეტწილად რეპროდუქციულ ასაკში ამოწმებს ქალბატონებს, დროულად ავლენს კეთილთვისებიან კვანძებს და იცავს დაავადების გართულებისგან. ანალოგიური სკრინინგით სარგებლობა თბილისშიც შეიძლება, თუმცა მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული ამგვარი კვლევის შესახებ.

 

რამდენად ხშირია უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადების მოულოდნელად აღმოჩენის შემთხვევები?

ჩვენს კლინიკაში კვირაში ერთხელ ეწყობა აქცია, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია კვლევის ჩატარება. ბევრი სწორედ მაშინ იგებს კვანძის არსებობის ან უკვე ჩამოყალიბებული სიმსივნის შესახებ. რა თქმა უნდა, პაციენტს უჩნდება შეკითხვა, რატომ არ გამოვლინდა დაავადება მანამდე. პასუხი ძალიან მარტივია – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შენარჩუნების შემთხვევაში, სიმპტომებიც ნაკლებად ვლინდება და ტკივილიც ნაკლებია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს დროულად აღმოჩენა, რადგან ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა მისი დაძლევის უფრო მეტ შანსს იძლევა. რა თქმა უნდა, დაავადება სახიფათოა, თუმცა სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების ფონზე ბევრად მარტივად ექვემდებარება მკურნალობას და ნაკლებად ხასიათდება აგრესიული გავრცელებით.

 

სიმსივნის აღმოჩენის შემდეგ, ქართველი პაციენტები მეტწილად საზღვარგარეთ ამჯობინებენ მკურნალობას. რამდენად შესაძლებელია საქართველოში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება და დაავადების მკურნალობა?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა საქართველოშიც შეიძლება, რადგან ზუსტად იმავე მეთოდებს ვიყენებთ, რომელთაც განვითარებულ ქვეყნებში მიმართავენ. ჩვენს კლინიკაში უახლესი აპარატურით ხორციელდება დაავადების კვლევა, მკურნალობას კი, გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან.

 

რამდენად ეფექტურია თირეოტოქსიკოზის მკურნალობა?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თირეოტოქსიკოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებას გულისხმობს, როცა პაციენტი აჩქარებულ გულისცემას, ხელების კანკალს, ოფლიანობას და წონაში კლებას, მოუსვენრობას და ადვილად გაღიზიანებას, თმის ცვენას და კუჭის ხშირ მოქმედებას ანუ ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს უჩივის. ამასთანავე, თირეოტოქსიკოზის შემთხვევაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს დაავადების ტიპი – აუტოიმუნური თირეოიდიტი, რომელიც წინ წამოწეული თვალებით ხასიათდება, ტოქსიური ადენომა, როცა ერთი კვანძი იწყებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გაძლიერებულ სინთეზს და ქვემწვავე თირეოიდიტი ანუ ანთებითი პროცესი, რომელიც განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში გახშირდა. სამწუხაროდ, ქვემწვავე თირეოიდიტის დროს ყოველთვის დაგვიანებით მოგვმართავენ, რადგან ტკივილი ყელის არეში ყურს გადაეცემა, ამიტომ პაციენტები ჯერ ყელ-ყურის სპეციალისტს აკითხავენ. სხვათა შორის, ძალიან მარტივია ამგვარი დაავადების მკურნალობა, რადგან ტკივილიც პირველ დღესვე ქრება და საერთო მდგომარეობაც სწრაფად უმჯობესდება. რა თქმა უნდა,  თირეოტოქსიკოზული დაავადებებისთვის მკურნალობის განსხვავებული მეთოდები არსებობს, თუმცა მეტწილად ყველა კეთილსაიმედოა.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ დაავადების თავიდან ასაცილებლად?

რა თქმა უნდა, აუცილებელია პრევენციული კვლევის ჩატარება, რათა დროულად დადგინდეს ან გამოირიცხოს კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სწრაფად დაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება და შენელებული აზროვნება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა, ყაბზობა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უმიზეზოდ ხმის ჩახლეჩა და ყლაპვის გართულება, ყელში მოჭერის და ბურთის გაჩენის შეგრძნება. ერთი სიტყვით, ნებისმიერი ცვლილება ორგანიზმში, რაც დისკომფორტს უქმნის ადამიანს, თავისუფლად შეიძლება იყოს კვანძოვანი ჩიყვის სიმპტომი, ამიტომ დროულად უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა.