ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ენმედიცში“

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ხშირია ქალებში და მათი სიხშირე ასაკთან ერთად იზრდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდული ვიზიტი ექიმთან და მის მიერ დანიშნული სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარება. კლინიკა „ენმედიცს“, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ კლინიკის დამაარსებელი აკადემიკოსი, ვაჟა ივერიელი ითვლება ენდოკრინოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. იმ პერიოდში, „ენმედიცში“ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ სპეციალისტები და აქ ეუფლებოდნენ ცოდნას. დღეს კი ვაჟა ივერიელის გზას ახალი თაობის ექიმები განაგრძობენ და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მართვაში ინოვაციურ ნაბიჯებს დგამენ. „ენმედიცში“ მედპერსონალის სამი თაობა დაგხვდებათ – ძველი თაობა, რომელსაც დიდი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, მათზე ახალგაზრდა თაობის ექიმები, რომლებსაც განსხვავებული გამოცდილება აქვთ და ახალი თაობის სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, ეცნობიან და პრაქტიკაში ნერგავენ თანამედროვე მიდგომებს. ძველისა და ახლის სინთეზი კი ქმნის ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების ერთობლიობას, რომელიც „ენმედიცს“ ბაზარზე გამოარჩევს. აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად ექიმი-ენდოკრინოლოგი, ქეთევან გველესიანი გვესაუბრა.

 

რამდენად აქტუალურია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საექიმო პრაქტიკაში?

მოგეხსენებათ, რომ ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანოა. მის მიერ გამომუშავებული და სისხლში მოხვედრილი თირეოიდული ჰორმონები უჯრედებში სხვადასხვა სახის ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ანუ თირეოპათიები საკმაოდ ხშირად გვხვდება საექიმო პრაქტიკაში და სამართლიანადაა მიჩნეული კლინიკური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად.

ეს დაავადებები მრავალფეროვანია, მათ სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი და განვითარების მექანიზმი აქვთ. მათზე წარმოდგენის შესაქმნელად კი აუცილებელია შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური პარამეტრები, რადგან სტრუქტურულად ერთი შეხედვით უპრობლემო ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა ვერ ფუნქციონირებდეს გამართულად, ან პირიქით, ნორმალურად მოფუნქციონირე ფარისებრ ჯირკვალს ჰქონდეს შეცვლილი სტრუქტურა.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძალიან მოიმატა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევებმა ახალგაზრდებში, რაც, სამწუხაროდ, სწრაფი და შედარებით აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება. თუ ჩვენი კლინიკის სტატისტიკას დავიხმართ, წელიწადში ფარისებრ ჯირკვალზე 600-მდე ოპერაცია კეთდება. აქედან კიბოს დიაგნოზი შემთხვევათა ნახევარშია დადასტურებული. დროული დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის წყალობით კი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამ სტატისტიკური ციფრების მიღმა უამრავი გადარჩენილი პაციენტია სიცოცხლის გახანგრძლივებითა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით.

 

რა კლინიკური სიმპტომატიკა ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს?

რაც შეეხება თირეოპათიის კლინიკურ სიმპტომატიკას, ის უხშირესად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დარღვევას უკავშირდება და 2 ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

1.თირეოიდული ჰორმონების სიჭარბით განპირობებული: წონის კლება, მომატებული აგზნებადობა, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მტევნის თითების კანკალი.

2.თირეოიდული ჰორმონების უკმარისობით განპირობებული: ადინამია, მოდუნება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა-აშრევება, მეხსიერების გაუარესება, შენელება საქმიანობაში, ყაბზობა.

ხშირად აღნიშნული ჩივილების გამო პაციენტები სხვა პროფილის ექიმებთან ხვდებიან (კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი), ამიტომ დიფერენციული დიაგნოზის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზუსტად განისაზღვროს მკურნალობის მიმართულება.

ასევე, განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ფუნქციის დარღვევის გარეშე, მხოლოდ სტრუქტურის ცვლილებით მიმდინარე დაავადებები, რაც მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევისას ვლინდება, რადგან პალპაციით ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძოვანი წარმონაქმნების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოვლენა ხერხდება. აღნიშნული კვლევა კი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად შევაფასოთ კვანძოვანი წარმონაქმნების სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში დროულად მოვახდინოთ მათი დამატებითი გამოკვლევა (წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიით მიღებული მასალის ციტოლოგიური სურათის შეფასება) და ავთვისებიანობის დადასტურების შემთხვევაში ადეკვატური მკურნალობის დროული დაგეგმვა.

 

რა არის ჩიყვი?

თავად ტერმინი „ჩიყვი“ გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ან მასში კვანძების არსებობას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძები უხშირესად არაავთვისებიანი წარმონაქმნებია და მხოლოდ 5% -ში გვხვდება მალიგნიზაცია. დიაგნოსტიკური პროცესის ძირითადი მიზანია ავთვისებიანი და არაავთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირება, რათა კიბოს გამოვლენის შემთხვევაში დროულად დაიგეგმოს ადეკვატური მკურნალობა.

 

მოსახლეობის რომელი ჯგუფია განსაკუთრებით საყურადღებო?

განსაკუთრებით საყურადღებო ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები. როგორც ცნობილია, ფარისებრი ჯირკვლის ჩამოყალიბება მუცლად ყოფნის 4-5 კვირაზე იწყება; 10-12 კვირაზე ის იწყებს იოდის დაგროვებასა და ტრიიოდთირონინის წარმოებას, სრულფასოვან ფუნქციონირებას კი მხოლოდ 16-17 კვირიდან ახერხებს. ასე რომ, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფი სრულადაა დამოკიდებული დედის თირეოიდულ ჰორმონებზე და მათი დეფიციტი შესაძლოა სავალალოდ აისახოს ნაყოფის განვითარებაზე. სწორედ პირველი ტრიმესტრია მეტად საყურადღებო პერიოდი, რათა ორგანოგენეზი სრულფასოვნად წარიმართოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია შეფასდეს თირეოიდული სტატუსი, საუკეთესო შემთხვევაში ორსულობის დაგეგმვისას ან პირველსავე ტრიმესტრში. ასევე, საყურადღებო ჯგუფია ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით პუბერტატის პერიოდში, რადგან ამ დროს თირეოიდული ჰორმონების უკმარისობამ შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის ზრდა-განვითარება.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სკრინინგული კვლევა?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სკრინინგული კვლევა უდავოდ, მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტურობის საწინდარია და მას მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის დანერგვით. „ენმედიცში“ 2019 წლიდან არსებობს კიბოს მართვის პროგრამები, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას, სრულიად უფასოდ ისარგებლონ არამხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის, ასევე სარძევე ჯირკვლის, პროსტატისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგული კვლევებით და განვლილ პერიოდში უამრავმა ადამიანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. მინდა აღვნიშნო კლინიკის ინიციატივა რეგიონებში უფასო სამედიცინო გასინჯვების ჩატარების თაობაზე. 2016 წლიდან რეგულარულად წარმოებს სპეციალისტების ჯგუფების გასვლები და ამ ხნის მანძილზე მრავალ რეგიონს მოვემსახურეთ, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონებსაც.

 

რატომ ურჩევდით პაციენტებს მკურნალობას კლინიკა „ენმედიცში“?

ჩვენი კლინიკა დიდი ისტორიის მქონეა, აკად. ვაჟა ივერიელი, ვის სახელსაც ამჟამად ეს დაწესებულება ატარებს, ენდოკრინოლოგიის ფუძემდებელია საქართველოში. მისი პროგრესული იდეები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. აქ მისი ხელმძღვანელობით უამრავი თაობა გაიზარდა, ჩვენთან ყოველთვის ხდებოდა კლინიკური გამოცდილების ურთიერთგაზიარება. სწორედ ამ დიდ კლინიკურ გამოცდილებას ვეყრდნობით ჩვენ. წლებთან ერთად კლინიკაც განვითარდა და დღეს გვაქვს მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მხარდაჭერა ყველაზე თანამედროვე, ზუსტი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევებით, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის წარმართვისთვის.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, პირველად საქართველოში სწორედ „ენმედიცში“ განხორციელდა ტრანსორალური თირეოიდექტომია – ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა პირის ღრუდან მიდგომით. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ოპერაცია ხორციელდება კანზე განაკვეთის გარეშე, რასაც ესთეტიკური თვალსაზრისით პაციენტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. ასევე, აღნიშნული მეთოდი ნაკლებად ტრავმირებადია და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდიც ხანმოკლეა. ტრანსორალურ თირეოიდექტომიას დღემდე წარმატებით ატარებს ჩვენი კლინიკის წამყვანი ქირურგი, პროფ. ლევან რამიშვილი. საამაყოა, რომ ის ერთადერთი ქართველი ქირურგია, რომელიც საქართველოში აღნიშნულ ოპერაციას დამოუკიდებლად ასრულებს. სხვა კლინიკებში მსგავსი ჩარევა მხოლოდ უცხოელ სპეციალისტებთან ერთადაა შესაძლებელი.

დაახლოებით ერთი წელია კლინიკაში დანერგილია რადიოტალღური აბლაცია, როგორც ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ოპერაციული მკურნალობის უახლესი, უსისხლო და ნაკლებად ინვაზიური ალტერნატივა.

 

რას ურჩევდით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე პაციენტებს?

პაციენტებს ვურჩევდი, რეგულარულად განახორციელონ გეგმური ვიზიტები ენდოკრინოლოგთან, რათა ჩვენ, ექიმებს, დროულად მოგვეცეს დანიშნული მკურნალობის კორექტირების საშუალება. სხვებს კი ვურჩევდი, ისარგებლონ სკრინინგული კვლევებით და მოგვმართონ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ან მოგვმართონ ჩივილების არსებობის შემთხვევაში სათანადო კვლევების დაგეგმვისათვის, რადგან სწორი და დროულად დაწყებული მკურნალობა ეფექტური შედეგის საწინდარია. მოდი, ერთად გადავდგათ ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ.

 

რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში?

ექიმობა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. ექიმობა არა მხოლოდ პროფესიულ მაღალკვალიფიციურობას მოითხოვს, არამედ ადამიანური თანაგრძნობის გამოხატვასაც პაციენტის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა განდო. ბედნიერი ვარ, რომ კლინიკა ,,ენმედიცში“ 30 წელზე მეტია ამ პროფესიას ვემსახურები.