რამდენად ხშირად მიმართავენ დიაბეტიანი პაციენტები კარდიოლოგს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებით?

რადიო „ფორტუნას“  გადაცემა „პულსი“  კლინიკა ენმედიცის კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და მედიცინის დოქტორი ანა ჯაბაური სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტით გამოწვეულ გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებზე ისაუბრა.

 

ქალბატონო ანა, რა გართულებები ახასიათებს დიაბეტს და რამდენად ხშირად მიმართავენ დიაბეტიანი პაციენტები კარდიოლოგს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებით?

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერია, რადგან დღემდე ყველაზე გავრცელებულ პრობლემად და სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად რჩება მთელ მსოფლიოში, მით უფრო, რომ ორმაგად მაღალია ამგვარი დაავადებების განვითარების რისკი დიაბეტიან პაციენტებს შორის, რადგან შაქრიანი დიაბეტი პირველ რიგში სწორედ სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს და იწვევს აგრესიულ ათეროსკლეროზს. აქვე დავაზუსტებ, რომ ათეროსკლეროზი არტერიების ანუ გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადებაა და არა ვენების. შაქრიანი დიაბეტითაა გამოწვეული ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტური კარდიომიოპათია და ჭარბი წონით გამოწვეული გულის უკმარისობა.

ძალიან ხშირად მოგვამართავენ პაციენტები, რომელთაც არ იციან, რომ მათი ჩივილების მთავარი მიზეზი სინამდვილეში ენდოკრინული პრობლემებია. მართალია, დიაბეტი ორგვარი – პირველი და მეორე ტიპისაა, მაგრამ პაციენტების დიდ ნაწილს – დაახლოებით 90 პროცენტს სწორედ მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება. პირველი ტიპის დიაბეტი, რომელიც მეტწილად ადრეულ ასაკში და საკმაოდ აგრესიული სიმპტომებით – ხშირი შარდვით, პირის სიმშრალით, წონის არაადეკვატური კლებით ვლინდება, გულ-სისხლძარღვთა სისტემას აყენებს ზიანს და მეტწილად  რეტინოპათიებს, ნეიროპათიებს და ნეფროპათიებს იწვევს, მეორე ტიპის დიაბეტი კი, ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ ვითარდება და პაციენტებიც სულ სხვა დაავადებებს, მათ შორის არითმიას ან არტერიულ ჰიპერტენზიას უჩივიან.

 

რას ურჩევთ დიაბეტიან პაციენტებს, რამდენად შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან არიდება?

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიაბეტი განაჩენი არაა, რადგან მოწესრიგებული პაციენტი, რომელიც მაქსიმალურად აკონტროლებს საკუთარ დაავადებას, ხშირად ჯანმრთელ ადამიანზე ჯანმრთელია. მეტიც, ამერიკელი მედიკოსების დასკვნით, დიაბეტიანი პაციენტი  არა სნეული, არამედ ჩვეულებრივი ადამიანია უბრალოდ განსხვავებული რეჟიმით და ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა, დიაბეტის შემთხვევაში პაციენტის გენეტიკაა გამოსაკვლევი, რადგან სწორედ მეორე ტიპის დიაბეტი გადაეცემა თაობიდან თაობას, ამიტომ ამგვარი პაციენტები ყოველთვის განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს მიეკუთნებიან და პრევენციული კვლევებიც უფრო ხშირად უნდა ჩაიტარონ. გართულებების თავიდან ასაცილებლად დიაბეტის დროულად დიაგნოზირებაა საჭირო, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ათეროსკლეროზის, სხვა მძიმე დაავადებების გაკონტროლება და პაციენტისთვის სპეციალური რეჟიმის შემუშავება, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესს და ჯანსაღ კვებას ითვალისწინებს. საუკეთესო მაგალითია ჩვენი სახელოვანი მეცნიერი, ბატონი აკაკი შანიძე, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მიუხედავად სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად საქმიანობდა და 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვათა შორის, ბატონი აკაკი თავად ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი დღეგრძელობა სწორედ დიაბეტით გამოწვეული რეჟიმის დამსახურება იყო, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გონიერ ადამიანს საკუთარი დაავადებაც შეუძლია აქციოს უპირატესობად.