ვირუსი, რომლის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!!!

 

ვირუსი, რომლის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!!!

პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მილიონობით ქალია ადამიანის პაპილომისვირუსით დაავადებული. მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში სქესობრივი გზით ყველაზე ხშირად ამ ვირუსით ხდება დაინფიცირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ეს ინფექცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორია.

პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 30 ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორეა დგილზეა.

განასხვავებენ დაბალი და მაღალი რისკის პაპილომავირუსებს: 

  • დაბალი რისკის ვირუსები იწვევს გენიტალურ კონდილომებს;
  • მაღალი რისკის ვირუსები კი - საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას (დისპლაზიას) და საშვილოსნოს ყელის კიბოს. მხოლოდ მაღალი რისკის პაპილომავირუსით ინფიცირების დროს (შემთხვევათა 5-10%) გახლავთ მოსალოდნელი ინფექციის ორგანიზმში პერსისტენცია (დარჩენა).

პაპილომავირუსის გადაცემის გზები და რისკ-ფაქტორები

პაპილომავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა კონტაქტური გზით, სქესობრივი გზით. არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსი შეიძლება მშობიარობისას დედიდან შვილს გადაეცეს; ადამიანი შეიძლება სხვა გზითაც დაინფიცირდეს. დაავადება დაინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგ ვლინდება.

დაავადების რისკ-ფაქტორებია: მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება.

როგორც წესი, პაპილომავირუსის გადამცემები მამაკაცები არიან, თუმცა მათ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ კონდომი საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად, იგი მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომავირუსისგან, რადგან ვირუსის აღმოჩენა ხდება გენიტალიების გარშემო კანის საფარველზეც, რომელსაც კონდომი არ ფარავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაპილომავირუსი იწვევს როგორც კიბოსწინარე პათოლოგიებს, ასევე, დასაბამს აძლევს თავად სიმსივნურ პროცესს.

არსებობს პაპილომავირუსის სიმსივნედ გარდაქმნის ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი:

  • მრავალი მშობიარობა და მცირე ასაკი პირველი მშობიარობის დროს;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგ: ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი და ა.შ.);
  • ხშირი აბორტი;
  • ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება;

 

სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში, პაპილომავირუსით ინფიცირებისას, კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება და პაპილომავირუსი თავისთავად ქრება. მაგრამ ზოგჯერ ვირუსი  გამრავლებას აგრძელებს და ამ დროს ადამიანს პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია უვითარდება. ასეთ დროს, თუ ქალი დაბალი რისკის ტიპის ვირუსითაა ინფიცირებული, სასქესო ორგანოებზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - ე.წ. გენიტალური კონდილომები (მეჭეჭები) ჩნდება, ხოლო თუ ინფიცირება მაღალი რისკის ვირუსით მოხდა, ლორწოვან გარსში ჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები იწყება, შემდეგ კი უშუალოდ კიბო ვითარდება.

 

დიაგნოსტიკა

იმისათვის, რომ დადგინდეს რომელი ტიპის პაპილომავირუსია ორგანიზმში (გაირკვეს, არის თუ არა ონკოგენური ტიპები), აუცილებელია პაპილომავირუსის გენოტიპირების ჩატარება. აღნიშნული ტესტირების ჩატარება ქალებისთვის რეკომედებულია ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ, რის შემდეგაც დაავადების მკურნალობის მენეჯმენტი განისაზღვრება.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების სადიაგნოსტიკო სკრინიგულ გამოკვლევებს, ძირითად საშუალებად პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს ტესტი) რჩება.

პაპ-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გარსის ციტოლოგიური (უჯრედული) გამოკვლევაა. ტესტი გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა და მისი პათოლოგია (სახელდობრ, გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხარისხი). მისი საშუალებით განასხვავებენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე ხარისხის დისპლაზიას (დაზიანებას).

პაპ-ტესტის დადებითობის შემთხვევაში რეკომენდებულია კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათველიერებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტული მეთოდი) და პაპილომავირუსის გენოტიპირების ჩატარება. კოლპოსკოპიის მეშვეობით დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება - დაზიანებული უბნებიდან ქსოვილის ამოკვეთა, მისი შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევით.

 

მკურნალობა

სამწუხაროდ, პაპილომავირუსის ონკოგენური ტიპების მიმართ მკურნალობა არაეფექტურია (მკურნალობა შესაძლებელია პაპილომავირუსის მხოლოდ იმ ტიპების მიმართ, რომლებიც იწვევს გენიტალურ კონდილომებს). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაპილომავირუსის კიბოდ გადაგვარებას უნდა ველოდოთ - დაავადების მეთვალყურეობით შესაძლოა დადგინდეს, გაქვთ თუ არა ატიპიური უჯრედები და მათი აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მოხდეს მათი მოცილება. ამისთვისკი სხვადასხვა მეთოდები (კრიოდესტრუქცია, რადიოქირურგია და ა.შ.) გამოიყენება, რომელთა შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად, ექიმი-გინეკოლოგის მიერ.